აჭარის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მიერ შერჩეულ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) წევრობის კანდიდატებს მოუსმინეს.
უსკო-ს წევრის - ზურაბ გოლიაძის უფლებამოსილების ვადის გასვლის გამო აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი რამაზ ბოლქვაძე სხდომაზე არ გამოცხადებულა, რაც შეეხება ირაკლი გვარჯალაძის კანდიდატურას, მასთან დაკავშირებით შესაბამისი რეკომენდაციის გაცემას მხარი კომიტეტის 3-მა წევრმა დაუჭირა, ერთმა კი კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.
კომიტეტის გადაწყვეტილებით, უსკო-ს წევრის რამაზ გოლომანიძის უფლებამოსილების ვადის გასვლის გამო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი მარიამ გუგუნავას და სოფიო დიასამიძის კანდიდატურებთან დაკავშირებით შესაბამისი რეკომენდაციის გაცემას, ორივე შემთხვევაში, კომიტეტის 4-მა წევრმა დაუჭირა მხარი.
კანონმდებლებმა, 4 -4 ხმით, ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღეს უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრის თორნიკე მჟავანაძის უფლებამოსილების ვადის გასვლის გამო უსკო-ს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი ნოდარ მელაძისა და დავით ფარტენაძის კანდიდატურებთან დაკავშირებითაც.
კომიტეტმა, ამავე სხდომაზე, უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრების ფარული კენჭისყრით არჩევის მიზნით, უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის შესაბამისად, განსაზღვრა კენჭისყრის ადგილი, ბიულეტენის ფორმა და დაადგინა მისი შევსების წესი. საკითხი საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ – ნინო ჩხეტიამ წარმოადგინა.