უმაღლესი საბჭოში „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში შესატანი ცვლილების განხილვის პროცედურები იწყება. გადაწყვეტილება, საკანონმდებლო ორგანოს ბიურომ რიგით მე-16 სხდომაზე მიიღო. უმაღლესი საბჭოს წევრის - დავით გაბაიძის მიერ სხდომაზე წარდგენილი კანონის პროექტი გამარტივებული წესით განიხილება, განისაზღვრა წამყვანი კომიტეტი და განხილვის ვადები.
ბიურომ მხარი დაუჭირა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის - ლადო მგალობლიშვილის მიერ წარმოდგენილ
,,აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განათლების ხელშეწყობის შესახებ» კანონის პროექტის II მოსმენით განხილვის საკითხს.
ბიუროს გადაწყვეტილებით, კომიტეტებში განსახილველად ჩაეშვა »აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ კანონის პროექტი და უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი ,,საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებების შეტანის თაობაზე საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენის შესახებ, რომლებიც სხდომაზე ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გია აბულაძემ წარმოადგინა. განისაზღვრა წამყვანი კომიტეტი და განხილვის ვადები.