აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ მზადაა II მოსმენით პლენარულ სხდომაზე განხილვისათვის. გადაწყვეტილება კანონმდებლებმა უმაღლესი საბჭოს ბიუროს რიგით მე-14 სხდომაზე მიიღეს.
საკითხი ბიუროს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ წარუდგინა. მისი განცხადებით, კანონის პროექტში სრულადაა ასახული რიგგარეშე სესიაზე პირველი მოსმენისას გამოთქმული შენიშვნები.
ბიუროს გადაწყვეტილებითვე, კომიტეტებში განსახილველად ჩაეშვა ნინო ჩხეტიას მიერ სხდომაზე გამოტანილი უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი _ ,,საქართველოს ორგანული კანონის პროექტის ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის დამტკიცების თაობაზე“ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტში წარდგენის თაობაზე“ . სხდომაზე განისაზღვრა განხილვის ვადებიც.