28 მაისი

 აჭარის ავტომომიური რესპუბლიკის  უმაღლესი საბჭოს განათლების  საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ლადო მგალობლიშვილმა, განათლების, კულტურისა და სპორტის  მინისტრის მოადგილესთან ჯემალ სურმანიძესთან და რესურსცენტრის ხელმძღვანელთან გოჩა დავითაძესთან  ერთად,  ქალაქ ბათუმის მე-6 საჯარო სკოლის ახალი  კორპუსის მშენებლობა დაათვალიერა.                                                 

 როგორც ლადო მგალობლიშვილმა აღნიშნა, ბათუმში,  რამდენიმე ათეული წელია  საჯარო   სკოლის ახალი კორპუსი არ აშენებულა.   2010-2011 წლებში   დაინგრა  ორი -  მე-3 და მე-6 სკოლა, რამაც უკიდურესად  გადატვირთა  ქალაქის დანარჩენი  სკოლები. 30-წლიანი პაუზის შემდეგ, ქალაქს  540  მოსწავლეზე  გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების სკოლის  ახალი კორპუსი შეემატება.

  იდეა 2016 წელს  აჭარის განათლების სამინისტროში გაჩნდა და საამისოდ, ბათუმის მე-6 საჯარო სკოლის ტერიტორია შეარჩიეს.  ამ პერიოდში  სახელმწიფო შესყიდვებს  განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში მინისტრის მოადგილე ლადო მგალობლიშვილი კურირებდა.  პროექტის შესყიდვა გაითვალისწინეს სამინისტროს 2017 წლის  ბიუჯეტში,  ხოლო  2018 წელს   აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  უმაღლესი საბჭოს განათლების კომიტეტმა, ლადო მგალობლიშვილის ხელმძღვანელობით, აჭარის  ბიუჯეტის განხილვის  დროს  დააყენა  ახალი კორპუსის მშენებლობის საკითხი.   

  2019 წლის ბოლოს დაიწყო მე-6 სკოლის ახალი კორპუსის მშენებლობა.  პროექტის მიხედვით, უნდა აშენდეს 3-სართულიანი ადაპტირებული,  სასწავლო-საგნობრივი ლაბორატორიებით, ბიბლიოთეკით, სპორტული და სააქტო დარბაზებით, სასადილოთი უზრუნველყოფილი შენობა. ამავდროულად,  განახლდება სკოლის ძველი კორპუსის  სახურავი და ფასადი, კეთილმოეწყობა მთლიანი ეზო. აქვე განთავსდება  ღია სპორტული მოედანი ტრიბუნებით.

  სამუშაოები, რომელთა ჯამური ღირებულება 2 890 062 ლარია,  2021 წელს დამთავრდება. ამ დროისათვის დასრულებულია საძირკველი და პირველი სართული. მიმდინარეობს მეორე სართულის კონსტრუქციული სამუშაოები.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი