31 იანვარი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები რეგიონის მაღალმთიანეთს სტუმრობენ და იქ არსებულ ვითარებას ეცნობიან.

ქედის, შუახევისა და ხულოს მაჟორიტარი დეპუტატი უმაღლეს საბჭოში, საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ხვიჩა შარაშიძე და ფრაქცია „ქართული ოცნების“ მდივანი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი მანველიძე 31 იანვარს ქედის მუნიციპალიტეტის გამგებელს დავით დუმბაძესა და სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელებს შეხვდნენ.

მუნიციპალიტეტის გამგეობაში გამართული სამუშაო შეხვედრის შემდეგ კანონმდებლები და ადგილობრივი ხელმძღვანელები მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფელში არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნენ, დაათვალიერეს გზების გაწმენდითი სამუშაოები, მოინახულეს ცალკეული პრობლემური მონაკვეთები და მოსახლეობისგან მოისმინეს ინფორმაცია იმ საჭიროებებზე, რომელთა ოპერატიული მოგვარება ერთობლივი ძალისხმევითაა შესაძლებელი.

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებმა ქედის სოციალურ სახლში მცხოვრები ერთ-ერთი მრავალსულიანი და სოციალურად დაუცველი ეკომიგრანტების ოჯახიც მოინახულეს. ხვიჩა შარაშიძემ და გიორგი მანველიძემ მათ საჩუქრად საკვები პროდუქტები, ტკბილეულობა მიუტანეს და პრობლემების მოგვარებაში თანადგომას დაჰპირდნენ.

იმავე დღეს საკანონმდებლო ორგანოს წევრები ანალოგიური მისიით შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებს ეწვივნენ.