23 იანვარი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ხვიჩა შარაშიძე უძღვებოდა, კანონმდებლებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთი საკითხი განიხილეს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ ფრაქცია „ქართული ოცნება-მაჟორიტარების“ თავმჯდომარემ ილია ვერძაძემ წარმოადგინა. პროექტი, რომელიც ამავე ფრაქციის ინიციატივაა, მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროების მუშაობის ორგანიზაციულ საკითხებსა და დაფინანსებას განსაზღვრავს. მომხსენებლის განცხადებით, ცვლილება გამოწვეულია მაჟორიტარული ოლქების კონფიგურაციის ცვლილებებით.

დადგენილების პროექტი, სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, უმაღლესი საბჭოს სესიაზე განიხილება. კომისიის ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგი მხოლოდ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გია აბულაძე აღმოჩნდა.