21 აგვისტო

-მსურს, ყველა ბათუმელს და ბათუმის ყველა სტუმარს მივულოცო ბათუმის სავიზიტო ბარათის აღდგენა. წლების განმავლობაში „რვაფეხა“ იყო საყვარელი ადგილი ყველა ბათუმელისთვის. მსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ფონდ „ქართუს“, რომელმაც აღადგინა „რვაფეხა“ და ყველა ბათუმელს მივულოცო დღევანდელი დღე, – განაცხადა  კაფე „ფანტაზიას“ გახსნის ოფიციალურ ღონისძიებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

საზეიმო ღონისძიებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები - დავით გაბაიძე, თორნიკე რიჟვაძე, უმაღლესი საბჭოს წევრები, ცენტრალური, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ბათუმელები და ბათუმის სტუმრები დაესწრნენ.

ფონდ „ქართუს“ მიერ დაფინანსებული სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ ბათუმს კიდევ ერთი გამორჩეული და ორიგინალური დასასვენებელი ადგილი შეემატა.  არქიტექტორ გიორგი ჩახავას პროექტითა და მხატვარ ზურაბ კაპანაძის ესკიზით აშენებული „რვაფეხა“, იგივე კაფე „ფანტაზია“, ბათუმის ბულვარში 1981 წელს გაიხსნა. მის რესტავრაციაზე კი მხატვარ-რესტავრატორი ილია ფესვიანიძე მუშაობდა, რომელმაც გამორჩეული არქიტექტურული ნაგებობა ძველი ფოტო-სურათების მიხედვით აღადგინა.