აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე სასტუმრო „შერატონში“, აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის საიუბილეო საერთაშორისო კონფერენციას სახელწოდებით - "ღირებული პარტნიორობის 10 წელი - განვლილი გზა და პერსპექტივები" დაესწრო.
კონფერენციაზე, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკანიანმა გახსნა, სიტყვით გამოვიდნენ: საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, საქართველოს პარლამენტისა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარეები - არჩილ თალაკვაძე და თორნიკე რიჟვაძე.
კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა ევროსაბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი:
-ეს კონფერენცია მნიშვნელოვანია იმ მხრივაც, რომ ევროპის ისტორიაშიც მნიშვნელოვანი ღონისძიებებია დაგეგმილი. წელს აღვნიშნავთ ევროკავშირის გაფართოების მე-15 წლისთავსაც, - განაცხადა ევროსაბჭოს პრეზიდენტმა, რომელმაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში 10 წლის მანძილზე განხორციელებული და სამომავლოდ განსახორციელებელი ღონიძიებების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ბათუმის მე-16 საერთაშორისო კონფერენცია - "ღირებული პარტნიორობის 10 წელი - განვლილი გზა და პერსპექტივები" - უპრეცედენტოა და მაღალი რანგის სტუმართა სიმრავლით გამოირჩევა. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მასში მონაწილეობენ: ევროკომისარი ჰუმანიტარული დახმარებისა და კრიზისების მართვის საკითხებში ქრისტოს სტილიანიდესი, ესტონეთის პრემიერ-მინისტრი იური რატასი, პოლონეთისა და შვედეთის, ბულგარეთის, უკრაინის, სომხეთის, სერბეთის, სლოვაკეთის, უნგრეთის, ჩეხეთის, გერმანიის, მოლდოვას, ალბანეთის, ბელარუსის, ნორვეგიის, რუმინეთის ვიცე-პრემიერები, საგარეო საქმეთა მინისტრები და მათი მოადგილეები.
ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის სესიების მოდერატორებად მედიის ცნობილი წარმომადგენლები და საერთაშორისო ექსპერტები არიან მოწვეულები.
კონფერენცია 12 ივლისს დასრულდება.