15 დეკემბერი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბიუროს 15 დეკემბრის რიგგარეშე სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე უძღვებოდა, კანონმდებლებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 2 საკითხი განიხილეს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შემადგენლობის დამტკიცების თაობაზე მოხსენება საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ წარმოადგინა.

მისი თქმით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ შესაბამისი კანონმდებლობით გათალისწინებულ ვადებში აჭარის უმაღლეს საბჭოს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შემადგენლობა წარმოუდგინა. ნინო ჩხეტიას განცხადებით, ზურაბ პატარაძემ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე - რამაზ ბოლქვაძე, სოფლის მეურნეობის მინისტრად ლაშა კომახიძე, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად ზაალ მიქელაძე, ხოლო განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრად ინგა შამილიშვილის კანდიდატურები შეარჩია.

როგორც ცნობილია, ოთხი მინისტრობის კანდიდატიდან ორი ახალია. ზაალ მიქელაძე აქამდე ამავე სამინისტროს საყოველთაო დაზღვევის პროგრამის რეგიონალური კოორდინატორის, ხოლო ინგა შამილიშვილი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორის თანამდებობებზე მუშაობდნენ.

ბიუროს გადაწყვეტილებით, აჭარის მთავრობის შემადგენლობის დამტკიცებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ორგანოს კომისიებსა და ფრაქციებში განხილვის პროცედურები ხვალ, 16 დეკემბერს ჩაინიშნა. წარმოდგენილ წინადადებას ბიუროს წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი. საკომისიო და ფრაქციებში მიმდინარე განხილვის პროცედურებს მინისტრობის ოთხივე კანდიდატი დაესწრება.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კომისიებს, ფრაქციებსა და ბიუროს საკანონმდებლო ორგანოს რეგლამენტის 111-ე მუხლის თანახმად, ამ საკითხზე მსჯელობისათვის ჯამში 7-დღიანი ვადა აქვთ. მთავრობის შემდაგენლობის დამტკიცებას, ამავე მუხლის თანახმად, უმაღლესი საბჭოს სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობის, მაგრამ უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედის მხარდაჭერა სჭირდება. მთავრობის შემადგენლობას რიგგარეშე სხდომაზე უყრიან კენჭს.

ამავე სხდომაზე კანონმდებლებმა იმსჯელეს სხვადასხვა საკითხზე.