25 ნოემბერი

 სრულიად განახლებული ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო დრამატული თეატრი მაყურებელს პრემიერით ოფიციალურად 2019 წლის დასაწყისში უმასპინძლებს. ამის შესახებ განცხადება ხელისუფლების წარმომადგენლებმა თეატრის რეაბილიტირებული შენობის დათვალიერებისას განაცხადეს.

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, თავმჯდომარის მოადგილემ მერაბ კარანაძემ, განათლების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ლადო მგალობლიშვილმა, შენობა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან მამუკა ბახტაძესთან, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან მიხეილ ბატიაშვილთან, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან თორნიკე რიჟვაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს.

  ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის სრული რეაბილიტაცია 2014 წელს დაიწყო  და ფონდ „ქართუს“ მიერ 14,5 მილიონი ლარით დაფინანსდა. შენობა გათვლილია 480 მაყურებელზე და ადაპტირებული შშმ პირებზე. რესტავრაციის პარალელურად, ძალზე მნიშვნელოვანი ისტორიული წარსულის მქონე შენობაში დამონტაჟდა განათების, გახმოვანების სრულიად თანამედროვე სისტემები, სცენის ახალი მექანიზმები. თანამედროვე სადადგმო ტექნოლოგიები თეატრს  მსოფლიო დონის თეატრალური დასების  გამასპინძლებისა და თამამი ექსპერიმენტების განახორციელების საშუალებას აძლევს.

  გარდა ამისა, სრულიად განახლებული-რესტავრირებული შენობა, ბათუმს, როგორც საფესტივალო ქალაქს, კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს ანიჭებს.  დაწყებულია მუშაობა საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ბათუმში ჩატარებაზე, რაშიც აქტიურადაა ჩართული საერთაშორისო დირექტორთა საბჭო, ბრიტანული საბჭო და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები. ფესტივალის ფარგლებში, ბათუმს არაერთი ცნობილი მსოფლიო დასი ესტუმრება.