19 აპრილი

28 წლის წინ, სისხლიანი 9 აპრილის მოვლენებიდან 10 დღის შემდეგ, კიდევ ერთმა უდიდესმა ტრაგედიამ შეძრა სრულიად საქართველო - ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანაში განვითარებულმა მეწყრულმა პროცესებმა 23 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათგან ყველაზე უმცროსი 1 წლის იყო.

სტიქიური უბედურების შედეგად გარდაცვლილთა მემორიალთან ამჯერადაც შეიკრიბნენ ადგილობრივები, დაღუპულთა ნათესავები, ახლობლები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის წევრები, მუნიციპალიტეტების საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და სასულიერო პირები.

ხეობის მცხოვრებთა ტკივილის გასაზიარებლად საგანგებოდ ჩამოვიდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები.

შეკრებილებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს 28 წლის წინ განვითარებული მოვლენები, ყვავილებითა და გვირგვინებით შეამკეს ხსოვნის მემორიალი და დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი.