უმაღლესი საბჭოს ბიუროს წევრები



უმაღლესი საბჭოს ბიურო

   

უმაღლესი საბჭოს მუშაობის ორგანიზებისთვის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით დადგენილი შემადგენლობით  იქმნება უმაღლესი საბჭოს ბიურო.

უმაღლესი საბჭოს ბიურო რეგლამენტით დადგენილი წესით:

ა) შეიმუშავებს და უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს პლენარული სხდომის დღის წესრიგის პროექტს. უზრუნველყოფს კანონის, დადგენილების, რეზოლუციის, მიმართვის, უმაღლესი საბჭოს მიერ მისაღები სხვა აქტის პროექტის, აგრეთვე კომიტეტის, დროებითი კომისიის დასკვნების საფუძველზე საკითხის უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომის დღის წესრიგის პროექტში შეტანას;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განსახილველი კანონპროექტების შესახებ დასკვნებს, კომიტეტებისა და დროებითი კომისიების დასკვნებს, რეზოლუციებისა და მიმართვების პროექტებს;

გ) განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას კანონპროექტის დაჩქარებული ან/და გამარტივებული წესით განხილვის შესახებ;

დ) განიხილავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დამტკიცებისა და სხვა თანამდებობის პირთა თანამდებობაზე განწესების თაობაზე შესაბამისი კომიტეტების დასკვნებს;

ე) ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის მიერ წარმოდგენილ კომიტეტებში, დროებით კომისიებში და ეთიკის საბჭოში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს;

ვ) ამტკიცებს კომიტეტების და დროებითი კომისიების დებულებებს;

ზ) რეგლამენტით დადგენილი წესით წყვეტს ფრაქციების რეგისტრაციის საკითხებს;

თ) იღებს გადაწყვეტილებას პირის ლობისტად რეგისტრაციის შესახებ;

ი) უზრუნველყოფს სხვა სახელმწიფოში წარგზავნილი უმაღლესი საბჭოს დელეგაციებისა და უმაღლესი საბჭოს წევრების ანგარიშების მოსმენას უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომაზე;

კ) უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს ხაზინადართა საბჭოს გადაწყვეტილებებს;

ლ) ამტკიცებს ბიუროს მუშაობის რეგლამენტს;

მ) (ამოღებულია - 05.09.2023, №80-Iს);

ნ) რეგლამენტით დადგენილი წესით ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს წევრის სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული თანხის ოდენობას;

ო) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონით უმაღლესი საბჭოსათვის განსაზღვრული ასიგნებების ფარგლებში განიხილავს და ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტის დეტალურ განწერას და ცვლილებები შეაქვს მასში. უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტის დეტალურ განწერაში ცვლილება, რომელიც დაკავშირებულია უმაღლეს საბჭოში დასაქმებული პირის დროებითი შრომისუუნარობის გამო გასაცემი თანხის გადატანასთან, ხორციელდება უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით. აღნიშნულ ინფორმაციას უმაღლესი საბჭოს ბიურო ცნობად იღებს უახლოეს სხდომაზე, ხოლო ცვლილება აისახება უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტის დეტალურ განწერაში;

პ) იღებს გადაწყვეტილებებს უმაღლესი საბჭოს და მისი მუშაობის ცალკეულ ორგანიზაციულ საკითხებზე;

ჟ) ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს ლოგოს და მისი გამოყენების წესს;

რ) ეთიკის საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს ეთიკის საბჭოს დებულებას;

ს) ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს ცალკეული წევრებისა და უმაღლესი საბჭოს დელეგაციების საზღვარგარეთ მივლინებაში წარგზავნის წესს;

1) ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის სამოქმედო გეგმას;

ტ) ახორციელებს რეგლამენტითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.