საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

29 აგვისტო

      „ფესტივალი „ჯვარიმინდორი“ უკვე ტრადიციაა, რომელიც ყოველი წლის 28 აგვისტოს, „მარიამობის“ დღესასწაულზე აღინიშნება. ღონისძიება სულ უფრო მეტ ადამიანს იზიდავს, აცნობს ადგილობრივ ფოლკლორს, ტრადიციებს, ხელს უწყობს სამთო ტურიზმის პოპულარიზაციას“, - განაცხადა უმაღლესი საბჭოს წევრმა - ფრიდონ ფუტკარაძემ შუახევის მუნიციპალიტეტში, მთა თაგინურზე გამართულ ფესტივალზე.

      „ჯვარიმინდვრობას“  12  წლის წინ ჩაეყარა საფუძველი, როცა სოფელ ჭვანას მცხოვრებლებმა, მე-18 საუკუნეში აჭარიდან გატანილი ჯვარი, გურიიდან შუახევის მუნიციპალიტეტში ფეხით გადმოაბრძანეს.

      ფესტივალის მონაწილეებს დღესასწაული მიულოცეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა. შუახევის მუნიციპალიტეტისა და ჭვანის ხეობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის 6 მოქალაქეს „საპატიო ჭვანელის“ წოდება მიენიჭა.

      ღონისძიების მონაწილეებმა, ტრადიციულად, დალაშქრეს  მთის მწვერვალი, სადაც  ქვაზე ჯვარი ბუნებრივადაა გამოსახული.

      ფესტივალის ფარგლებში გაიმართა კულტურულ-გასართობი, სპორტული და საბავშვო ღონისძიებები. „ჯვარიმინდორი -2024“ კონცერტითა და გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.             

განცხადებები

პრეს-რელიზი