09 დეკემბერი

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ გადამუშავებული კანონის პროექტი და 2022-2025 წლების პრიორიტეტების დოკუმენტი განიხილეს საფინანსო - საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელიც კომიტეტის წევრებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, ჯაბა ფუტკარაძემ წარუდგინა.

მინისტრმა დეპუტატებს ბიუჯეტის გადამუშავებულ ვარიანტში  განხორციელებული ცვლილებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ჯაბა ფუტკარაძის განცხადებით, 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი 18 მლნ ლარით გაიზარდა და 454 მლნ ლარს შეადგენს, რაც შემოსავლების ზრდითაა განპირობებული.

სხდომაზე, საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარინე გვიანიძემ აღნიშნა, რომ ბიუჯეტში კომიტეტის მიერ გამოთქმული შენიშვნები ნაწილობრივ გათვალისწინებულია.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკითხის ბიუროს სხდომაზე გატანას.