1 თებერვლიდან სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდება

23 იანვარი

  ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში სასწავლო პროცესის განახლებასთან დაკავშირებით საჯარო სკოლების დირექტორებთან შეხვედრა გაიმართა.  

  საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, რეგიონის მასშტაბით ყველა საჯარო და კერძო სკოლაში სასწავლო პროცესი 1 თებერვლიდან განახლდება. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ რეგიონის ყველა სკოლაში უნდა იყოს უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემო და სწავლება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციებისა და ჰიგიენურ-სანიტარული ნორმების სრული დაცვით უნდა წარიმართოს. სამედიცინო პროტოკოლი მკაცრად იქნება დაცული და 2 კვირაში ერთხელ მოხდება მასწავლებელთა სისტემატური ტესტირება.

   შეხვედრას ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მაჟორიტარი დეპუტატი უმაღლეს საბჭოში- ფრიდონ ფუტკარაძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მაია ხაჯიშვილთან, საქართველოს პარლამენტის წევრ ანზორ ბოლქვაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

  სკოლის დირექტორებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.