24 ივლისი

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი  საბჭოს არჩევნების შესახებ“  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე 14 ხმით მიღებულია. კანონის პროექტი, რომელიც უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესიაზე, საკანონმდებლო ორგანოს წევრმა დავით გაბაიძემ წარმოადგინა, გამარტივებული წესით განიხილეს. მომხსენებლის განცხადებით, კანონის ცვლილება აჭარის კონსტიტუციურ კანონსა და საქართველოს საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებებითაა განპირობებული.

 კანონმდებლებმა 11 ხმით მიიღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი ,,აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განათლების ხელშეწყობის შესახებ“, რომელიც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ლადო მგალობლიშვილმა II მოსმენით წარმოადგინა.

 შესვენების შემდეგ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) სამ ვაკანტურ პოზიციაზე შერჩეული კანდიდატების ფარული კენჭისყრა გაიმართა და ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: რამაზ ბოლქვაძე - 1 მომხრე, 14 წინააღმდეგი, ირაკლი გვარჯალაძე - 13 მომხრე, 2 წინააღმდეგი, მარიამ გუგუნავა - 15 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი, სოფიო დიასამიძე - 2 მომხრე, 13 წინააღმდეგი, ნოდარ მელაძე - 14 მომხრე, 1 წინააღმდეგი, დავით ფარტენაძე - 6 მომხრე, 8 წინააღმდეგი. კენჭისყრისას 6 ბიულეტენი გამოუყენებელი დარჩა.

 ამდენად,  აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის სამ ვაკანტურ პოზიციაზე 5 წლის ვადით არჩეული ირაკლი გვარჯალაძე, მარიამ გუგუნავა და ნოდარ მელაძე 27 აგვისტოდან  შეუდგებიან უფლებამოვალეობის შესრულებას. ისინი უსკო-ში ზურაბ გოლიაძეს, რამაზ გოლომანიძესა და თორნიკე მჟავანაძეს ჩაანაცვლებენ, რომელთაც 26 აგვისტოს ეწურებათ უფლებამოსილების ვადა.