09 ოქტომბერი

  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენისთვის გასატანად მზადაა. შესაბამისი გადაწყვეტილება საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მიიღეს, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე ნინო ჩხეტია უძღვებოდა. უმაღლესი საბჭოს წევრის - დავით გაბაიძის მიერ ინიცირებული კანონის პროექტი 4 თავისაგან შედგება და ავტონომიური რესპუბლიკის სიმბოლოების გამოყენების წესს განსაზღვრავს. საკითხი სხდომაზე თავად ინციატორმა წარმოადგინა. დავით გაბაიძის განცხადებით, კანონის პროექტის მიღება საკანონმდებლო ცვლილებებითაა განპირობებული.
  სხდომაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი - „საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლის შესაბამისად, საკანონმდებლო ინიციატივის წესით „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტში წარდგენის შესახებ“ ნინო ჩხეტიამ წარმოადგინა. უმაღლესი საბჭოს წევრების - დავით გაბაიძის, ნინო ჩხეტიას, გიორგი რომანაძის ინიციატივა კანონის ორ მუხლში ცვლილებას ითვალისწინებს და კომიტეტმა მხარი დაუჭირა პროექტის პლენარულ სხდომაზე გატანის საკითხს.