27 აგვისტო

  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულება მიმოიხილეს უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ სურმანიძე უძღვებოდა.

  კანონმდებლების წინაშე პირველი, შესაბამისი მოხსენებით, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი წარსდგა. ჯაბა ფუტკარაძის განცხადებით, საანგარიშო პერიოდში ბიუჯეტის შემოსულობების გეგმა - 102,4 , შემოსავლების - 105, ხოლო სხვა შემოსავლების ნაწილში - 116 %-ით შესრულდა. მინისტრმა წარმოადგინა რეგიონის მთავარი საფინანსო დოკუმენტის სხვა პარამეტრებიც, უპასუხა დეპუტატების შეკითხვებს და მოისმინა მათი მოსაზრებები.

  კომიტეტის წევრებს ორი კვარტლის ანგარიში ასევე გააცნო  ჯანმრთელობისა და  სოციალური დაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ. მისი განცხადებით, სამინისტრო, საქვეუწყებო დაწესებულებებთან ერთად, 32 პროგრამას ახორციელებს. ორი კვარტლის მონაცემებით, უწყებამ გეგმა 96 %-ით შეასრულა და მოსახლეობას მიაწოდა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 43 385 სერვისი. ამჟამად სამინისტრო 2020 წლის ბიუჯეტის დაგეგმვაზე მუშაობს.

 კითხვებზე პასუხების მიღების შემდეგ კომიტეტის წევრებმა ცნობად მიიღეს წარმოდგენილი ანგარიშები და მხარი დაუჭირეს ბიუროს სხდომაზე მათ განხილვას.

  დღის წესრიგის კიდევ ერთი საკითხი -აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი - საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლის შესაბამისად, საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს ორგანულ კანონში ,,საქართველოს შრომის კოდექსი’’ ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტში წარდგენის თაობაზე (ავტორები: დავით გაბაიძე, ილია ვერძაძე) უმაღლესი საბჭოს წევრმა და პროექტის ერთ-ერთმა ავტორმა ილია ვერძაძემ წარმოადგინა. კომიტეტმა  წარმოდგენილ ინიციატივას მხარი დაუჭირა.