11 ივლისი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე სასტუმრო „შერატონში“, აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის საიუბილეო საერთაშორისო კონფერენციას სახელწოდებით  - "ღირებული პარტნიორობის 10 წელი - განვლილი გზა და პერსპექტივები"  დაესწრო. 

კონფერენციაზე, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკანიანმა გახსნა, სიტყვით გამოვიდნენ:  საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, საქართველოს პარლამენტისა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარეები - არჩილ თალაკვაძე და თორნიკე რიჟვაძე.

კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა ევროსაბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი:

-ეს კონფერენცია მნიშვნელოვანია იმ მხრივაც, რომ ევროპის ისტორიაშიც მნიშვნელოვანი ღონისძიებებია დაგეგმილი.  წელს აღვნიშნავთ ევროკავშირის გაფართოების მე-15 წლისთავსაც, - განაცხადა ევროსაბჭოს პრეზიდენტმა, რომელმაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში 10 წლის მანძილზე განხორციელებული  და სამომავლოდ განსახორციელებელი ღონიძიებების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ბათუმის მე-16 საერთაშორისო კონფერენცია - "ღირებული პარტნიორობის 10 წელი - განვლილი გზა და პერსპექტივები" -  უპრეცედენტოა და მაღალი რანგის სტუმართა სიმრავლით გამოირჩევა. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მასში მონაწილეობენ: ევროკომისარი ჰუმანიტარული დახმარებისა და კრიზისების მართვის საკითხებში ქრისტოს სტილიანიდესი, ესტონეთის პრემიერ-მინისტრი იური რატასი, პოლონეთისა და შვედეთის, ბულგარეთის, უკრაინის, სომხეთის, სერბეთის, სლოვაკეთის, უნგრეთის, ჩეხეთის, გერმანიის, მოლდოვას, ალბანეთის, ბელარუსის, ნორვეგიის, რუმინეთის ვიცე-პრემიერები, საგარეო საქმეთა მინისტრები და მათი მოადგილეები.

ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის სესიების მოდერატორებად მედიის ცნობილი წარმომადგენლები და საერთაშორისო ექსპერტები არიან მოწვეულები.

კონფერენცია 12 ივლისს დასრულდება.