19 დეკემბერი

უმაღლეს საბჭოში საშემოდგომო სესია პლენარული სხდომით დაიხურა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხის განხილვამდე, კანონმდებლებმა გააკეთეს პოლიტიკური განცხადებები.

სხდომაზე, უმაღლესი საბჭოს წევრების - დავით გაბაიძის, ტიტე აროშიძის, ფრიდონ ფუტკარაძისა და დავით ბაციკაძის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი, მისმა ერთ-ერთმა ავტორმა, საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - ტიტე აროშიძემ წარმოადგინა. 

მისი განმარტებით, საკანონმდებლო პაკეტი ორ პროექტს მოიცავს:

ა) რეგლამენტში ცვლილებები, სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლამ, მაჟორიტარული სისტემის გაუქმებამ და საქართველოს კანონმდებლობაში განხოცილებულმა სხვა ცვლილებებმა გამოიწვია. პროექტის თანახმად წესრიგდება, ზუსტდება ან ახლებურად ყალიბდება რეგლამენტის ცალკეული ნორმები. ოლქის დელეგატსა და შესაბამისი მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შორის კომუნიკაციის გამარტივების მიზნით,  დელეგატს ეძლევა უფლება, შესაბამის ოლქში ჰყავდეს პირადი წარმომადგენელი.

ბ) „საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის, პირობებისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ უმაღლესი საბჭოს დადგენილებაში განსახორციელებელი ცვლილებების მიზანია, მისი, რეგლამენტის ახალ ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანა.

მოხსენებისა და მოსაზრებების გაცნობის შემდეგ, სხდომის თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ საკითხი კენჭისყრაზე დააყენა.

დეპუტატებმა, საკანონმდებლო პაკეტის ორივე პროექტს ცალ-ცალკე უყარეს კენჭი და გამარტივებული წესით - ერთი მოსმენით, 13-13 ხმით დაამტკიცეს.

სხდომის დასასრულს აჟღერდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი, რითაც საშემოდგომო სესია დაიხურა.