ხვალ, უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე, „მინისტრის საათის“ ფორმატში, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრს - ზაზა შავაძეს მოუსმენენ. სხდომის დღის წესრიგი ბიუროს სხდომაზე განსაზღვრეს, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე უძღვებოდა.
დღის წესრიგის პირველი საკითხი, უმაღლესი საბჭოს წევრმა - ლადო მგალობლიშვილმა წარმოადგინა - უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში შესატანი ცვლილების პროექტი, ბიუროს გადაწყვეტილებით, განსახილველად კომიტეტებში ჩაეშვა. კანონმდებლებმა მხარი დაუჭირეს კიდევ ერთ საკითხს, რომელიც „ავტონომიური რესპუბლიკის მნიშვნელობის საავტომობილო გზებისა და მათი მართვის შესახებ“ (II მოსმენა) კანონის პროექტისთვის ვადის გაგრძელებას ითვალისწინებს.
ინფორმაცია ,,ტურიზმის ორგანიზების შესახებ“ აჭარის კანონის აღსრულების მდგომარეობის თაობაზე, ბიუროს წევრებს, საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - მარინე გვიანიძემ გააცნო. მისი განცხადებით, სათანადო აქტივობების, კვლევების საფუძველზე მომზადებული დასკვნის თანახმად, აუცილებელია, გაგრძელდეს მუშაობა ახალ კანონპროექტზე, რასაც ბიურომ მხარი დაუჭირა.
სხდომაზე ცნობად მიიღეს აჭარის ზოგადსაგანმანათლებო საჯარო სკოლების მოსწავლეთა მასობრივ სპორტში ჩართულობის შესახებ მუნიციპალიტეტებში არსებული მდგომარეობის თაობაზე, თემატური მოკვლევის საფუძველზე მომზადებული დასკვნა, რომელიც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით ბაციკაძემ წარმოადგინა.
ბიუროს გადაწყვეტილებით, ,,ქალაქის ეკოლოგიური და სატრანსპორტო პოლიტიკის გაუმჯობესების მიზნით, ქალაქ ბათუმში ყოველი თვის ბოლო შაბათი გამოცხადდეს ველო დღედ“ - შემოსული პეტიცია (ავტორები: ალექსანდრე აბუსელიძე, ციური ვადაჭკორია) ქალაქ ბათუმის მერიას გადაეგზავნება.
კანონმდებლებმა მომზადებულად მიიჩნიეს უმაღლესი საბჭოს კომიტეტების მიერ წარმოდგენილი ანგარიშები გაწეული საქმიანობის შესახებ, რომელთა განხილვა პლენარულ სხდომებზე გაგრძელდება. სხდომაზე დამტკიცდა დარგობრივი კომიტეტების 2024 წლის სამოქმედო გეგმები. რაც შეეხება უმაღლესი საბჭოს წევრების გასული წლის საქმიანობის ანგარიშებს, ბიუროს გადაწყვეტილებით, ყველა მათგანი საკანონმდებლო ორგანოს ვებგვერდზე განთავსდება.
ბიურომ, ამავე სხდომაზე განსაზღვრა პლენარული სხდომის დებატების პროცედურა და 21 მარტის მორიგი პლენარული სხდომის დღის წესრიგის პროექტი, რომლის თანახმად, „მინისტრის საათის“ შემდგომ, კანონმდებლები ორი - განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა და საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტების ანგარიშებს მოისმენენ.