ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს - ნინო ნიჟარაძეს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორს - რუსუდან შავიშვილსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს - ვაჟა ფუტკარაძეს მოუსმინეს.
პირველადი ჯანდაცვის სექტორში არსებული მდგომარეობის, გამოწვევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ, კომიტეტის სხდომაზე, დეტალური ინფორმაცია ნინო ნიჟარაძისაგან მოისმინეს. მინისტრმა, სექტორში არსებულ ვითარებაზე, მიმდინარე პროგრამებსა და სიახლეებზე საუბრის შემდეგ, კანონმდებელთა შეკითხვებს უპასუხა.
ინფორმაცია კორონავირუსის (COVID-19) და სეზონური ვირუსების - მიმდინარეობაზე, გამოწვევებსა და პრევენციულ ღონისძიებებზე, კომიტეტის წევრებს, ნინო ნიჟარაძემ და რუსუდან შავიშვილმა გააცნეს. წარმოდგენილი ინფორმაციები კომიტეტის წევრებმა ცნობად მიიღეს.
კომიტეტის სხდომაზე, ასევე, მოისმინეს და ცნობად მიიღეს სოციალური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების (სოციალურად დაუცველთა შეფასების კრიტერიუმები) შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის - ვაჟა ფუტკარაძის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციაც.
სხდომის ბოლო საკითხი კი, მოსალოდნელ სიახლეებს დაეთმო. რუსუდან შავიშვილის განცხადებით, იგეგმება - ახალშობილთა კვლევის პროგრამის განხორციელება და ამ მხრივ, აჭარა პირველია ქვეყნის რეგიონებს შორის. პაკეტი 47 დაავადებაზე კვლევას მოიცავს და საპილოტე იქნება. გარდა ამისა, სიახლეა და იგეგმება ახალშობილთა მშობლების სკოლის ამოქმედებაც, რაც არაერთ ახალგაზრდა ოჯახს გაუწევს მნიშვნელოვან დახმარებას.