05 აპრილი

    აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, ვიცე-სპიკერმა მერაბ კარანაძემ, უმაღლესი საბჭოს წევრებმა - ნუგზარ სურმანიძემ, ილია ვერძაძემ და ცოტნე ანანიძემ პროექტების - „საქართველოს სტუდენტური პარლამენტისა“ და „ განავითარე შენი რეგიონის“ ხელმძღვანელებს ანზორ მეგრელიშვილსა და გიგა გლუნჩაძეს უმასპინძლეს.

         გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, სტუმრებმა საკანონმდებლო ორგანოს წევრებს საქართველოს სტუდენტური პარლამენტის მიზნები, ამოცანები და მუშაობის პრინციპები გააცნეს. მათი განცხადებით, პროექტი საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერით ხორციელდება და იგი ახალგაზრდებს მიმდინარე პროცესებში აქტიური ჩართულობის შესაძლებლობებს აძლევს.

      გიგა გლუნჩაძის განცხადებით, პროექტი „განავითარე შენი რეგიონი“ მუნიციპალურ პროგრამებში ახალგაზრდების ჩართულობაზე, ტურიზმის, რეგიონების განვითარებაზეა ორიენტირებული და იგი საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს. პროექტების ფარგლებში საკმაოდ წარმატებით მუშაობს ახალგაზრდული ბანაკები და ერთ-ერთი მათგანის ამოქმედება სამომავლოდ კურორტ ბეშუმშიც იგეგმება. გარდა ამისა, სტუმრებს საკანონმდებლო ორგანოს წევრები მაღალმთიანი აჭარის ზამთრის კურორტებზე ანალოგიური ბანაკების ამოქმედებასა და სხვა საინტერესო პროექტების განხორციელებაში თანადგომას დაჰპირდნენ.

     აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახალგაზრდული პოლიტიკა ერთ-ერთი პრიორიტეტია და სამომავლოდ, არ არის გამორიცხული რეგიონის საკანონმდებლო ორგანომ „ახალგაზრდული პოლიტიკის შესახებ“ კანონის მომზადებაზე დაიწყოს მუშაობა.