საპარლამენტო კომიტეტებმა ცვლილებებს მხარი დაუჭირეს

03 აპრილი

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ და საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ საქართველოს პარლამენტში საქართველოს ორგანული კანონის პროექტი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ წარადგინეს.

 უმაღლესი საბჭოს წევრები 3 აპრილს, თბილისში, საქართველოს პარლამენტის ოთხი კომიტეტის სხდომას დაესწრნენ. რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის. აგრარულ საკითხთა, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა, განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტების სხდომაზე დავით გაბაიძემ და ნინო ჩხეტიამ უპასუხეს პარლამენტის წევრთა შეკითხვებს, მოისმინეს მათი მოსაზრებები ცალკეულ საკითხებზე.

 გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, ოთხივე კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკითხების პარლამენტის სხდომაზე გატანას.

 უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის დავით გაბაიძის განცხადებით, საკომიტეტო განხილვები, სავარაუდოდ, 17 აპრილისთვის დასრულდება და პარლამენტის სხდომაზე 20 აპრილამდე განიხილება.

 ხვალ, 4 აპრილს, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე და საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნინო ჩხეტია საქართველოს ორგანული კანონის პროექტსა და აჭარის კონსტიტუციურ კანონს ქუთაისში, პარლამენტის ჯანრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების სხდომებზე წარადგენენ.