31 მარტი

                                  

       დღეს, უმაღლეს საბჭოში საქართველოს პარლამენტის წევრებთან (აჭარის დეპუტაცია) სამუშაო შეხვედრა გაიმართა. საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ კანონმდებლებს აჭარის საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია.

     როგორც ცნობილია, შესაბამისი დადგენილება აჭარის უმაღლესი საბჭოს 21 მარტის რიგგარეშე სხდომაზე დამტკიცდა. ამავე დადგენილებით, საკონსტიტუციო ცვლილებებს საქართველოს პარლამენტში აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე და საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნინო ჩხეტია წარადგენენ.

       უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დეპუტატებმა უპასუხეს საქართველოს პარლამენტის წევრების შეკითხვებს, რომელთა ნაწილი მთავრობის ფორმირების წესს, სახელისუფლებო შტოებს შორის ბალანსს, კოორდინაციას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს შეეხებოდა.

     საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის ილია ნაკაშიძის განცხადებით, სამუშაო შეხვედრას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში საკონსტიტუციო ცვილილებების განხილვის წინ, რომელიც ამ დღეებში დაიწყება. მან, აჭარის დეპუტაციის სახელით, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს დავით გაბაიძეს მადლობა გადაუხადა შეხვედრის ორგანიზებისათვის.