29 მარტი

                                 

       აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილი და ამავე ფრაქციის მდივანი გიორგი მანველიძე, სტრასბურგში, ევროპის საბჭოს კონგრესის 34-ე სესიას - „ უფლებებზე დაფუძნებული მმართველობა ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე“დაესწრნენ.

         ქართულ დელეგაციას, სესიაზე, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტები, აჭარის უმაღლესი საბჭოს, თბილისის, მცხეთისა და რუსთავის საკრებულოების წევრები წარმოადგენდნენ. სესიის ფარგლებში ისინი რამდენიმე კომიტეტის  სხდომას დაესწრნენ, სადაც, სხვადასხვა მნიშვნელოვან თემასთან ერთად, საქართველოს საკითხიც განიხილებოდა.

      ჩვენმა ქვეყანამ ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესში დელეგაციის ახალი შემადგენლობა თებერვალში წარადგინა და მას „ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის“ პრეზიდენტი კახა კალაძე ხელმძღვანელობს.

     ქართული დელეგაციის წევრები შეხვდნენ ევროპის საბჭოს კონგრესის გენერალურ მდივანს ანდრეას კიფერს. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყნად არჩევის შემდეგ განსახორციელებელი საკითხები, ევროსაბჭოსთვის აქტუალური მიმართულებები და სამომავლო გამოწვევები.

  ორდღიანი სესიის ფარგლებში ქართული დელეგაცია დაესწრო ევროსაბჭოს კონგრესის ადგილობრივი პალატის სხდომას, სადაც საქართველოში 2017 წელს ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ მოხსენება წარმოადგინა ბრიტანელმა დელეგატმა სტიუარტ დიქსონმა. სიტყვით გამომსვლელებმა დადებითად შეაფასეს ჩვენს ქვეყანაში განხორციელებული და მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები.

    აღინიშნა, რომ მიმდინარე წლის აპრილში საქართველოს ევროსაბჭოს კონგრესის სადამკვირვებლო მისია ეწვევა  და ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესების შესახებ ვრცელ ანგარიშს მოამზადებს.