27 მარტი

    აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ლადო მგალობლიშვილმა, ჩაქვში, სასტუმრო „ოაზისში“ მიმდინარე ახალგაზრდული ფორუმის მონაწილეებისთვის ლექცია წაიკითხა თემაზე - „არაფორმალური განათლება თვითგანვითარებისთვის“.

    აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატისთვის ეს მის მიერ წამოწყებული კამპანიის - „მეტი არაფორმალური განათლება ახალგაზრდებს“ ფარგლებში განხორციელებული მეორე შეხვედრაა. მანამდე ლადო მგალობლიშვილმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდულ ცენტრში მოსწავლე-ახალგაზრდობის ერთი ნაწილისთვის ტრენინგი ჩაატარა.

    აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული ფორუმი სახელწოდებით - “რეგიონის განვითარება და ახალგაზრდობის როლი“ დაბა ჩაქვში მეორე დღეა მიმდინარეობს და მასში აჭარაში მოქმედი სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის 50-მდე სტუდენტი მონაწილეობს.

   აჭარის უმაღლესი საბჭოს დარგობრივი კომისიის თავმჯდომარემ მოისმინა ფორუმის მონაწილეთა ინციატივები და უპასუხა მათ შეკითხვებს. ლადო მგალობლიშვილი კამპანიის ფარგლებში აქტივობებს აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში ეტაპობრივად განახორციელებს.