16 მარტი

  შესვენების შემდეგ პლენარული სხდომის მონაწილეები დღის წესრიგით გათვალისწინებული მეორე საკითხის განხილვას შეუდგენენ.

  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტი - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ მეორე მოსმენით უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ (თანამოხსენებელი - საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნინო ჩხეტია) წარმოადგინა, ხოლო პლენარულ სხდომას, რეგლამენტის შესაბამისად, საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე გაუძღვა.

  მომხსენებელმა მუხლობრივ განხილვაზე დეტალურად ისაუბრა კანონის პროექტით გათვალისწინებულ ცვლილებებზე, უპასუხა კანონმდებლების შეკითხვებს, გაეცნო მათ შენიშვნებსა და მოისმინა ცალკეული დეპუტატების გამოსვლები.

   კენჭისყრამდე საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვისას, სხდომის თავმჯდომარემ ორჯერ გამოაცხადა შესვენება. საბოლოოდ,  კანონის პროექტს, რომელიც 5 თავისა და 28 მუხლისაგან შედგება, დარბაზში მყოფი 15 დეპუტატიდან მხარი დაუჭირა 14-მა. საკონსტიტუციო ცვლილებებს ხმა არ მისცა პარტია „ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენელმა გიორგი ცინცქილაძემ.

   სხდომათა დარბაზში, წინა განხილვის მსგავსად, ბოიკოტის ნიშნად, არ იმყოფებოდნენ  ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები. განხილვას ესწრებოდა, თუმცა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო „ევროპული საქართველოს“ წევრმა პეტრე ზამბახიძემ.