ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა

16 მარტი

    აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის 16 მარტის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომისიის თავმჯდომარე ნუგზარ სურმანიძე უძღვებოდა, შპს „ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს“ მშენებლობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

    კომისიის წევრებმა, რეგიონის რიგი სამედიცინო დაწესებულებების, სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელებმა და წარმომადგენლებმა, დარგის ექსპერტებმა საავადმყოფოს მშენებლობასა და შემდგომ დაგეგმილ პროცესებთან დაკავშირებით ინფორმაცია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილისაგან - ლევან დავითაძისა და აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისაგან - ზაალ მიქელაძისაგან მოისმინეს.

   -საზოგადოება ჩვენგან ელოდება პასუხს. მოსახლეობას აინტერესებს როდის დამთავრდება რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს მშენებლობა, რა სახისა და როგორ სამედიცინო სერვისებს შესთავაზებს მას, - განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ნუგზარ სურმანიძემ. მისი განმარტებით, საკითხზე მსჯელობას საფუძვლად დაედო ამავე კომისიის წევრის - გიორგი დიასამიძის წერილი, რომელიც სამედიცინო დაწესებულებასთან დაკავშირებული რიგი დეტალების დაზუსტებას შეეხებოდა.

   ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ ერთმნიშვნელოვნად აღნიშნა, რომ საავადმყოფოს ამოქმედების შემდეგ მოსახლეობას გარანტირებული ექნება მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისები, გარდა ამისა, უპასუხა უმაღლესი საბჭოს წევრების შეკითხვებს სამედიცინო დაწესებულების სათანადოდ აღჭურვის, სამედიცინო პერსონალის გადამზადებისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.

  კომისიის წევრებმა აქვე მოისმინეს მოწვეული სტუმრების მოსაზრებებიც. როგორც ნუგზარ სურმანიძემ აღნიშნა, ამავე საკითხთან დაკავშირებით, საკანონმდებლო ორგანოში უახლოეს მომავალში კვლავ გაიმართება შეხვედრა. მან აღმასრულებელის ხელისუფლების წარმომადგენლებს შესაბამის უწყებებთან რიგი დეტალების დაზუსტების წინადადებით მიმართა.