16 მარტი

   აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 16 მარტის პლენარულ სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე უძღვებოდა, ორი საკითხი განიხილება. დღის წესრიგის პროექტის დამტკიცებამდე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, რეგლამენტით მინიჭებული უფლება გამოიყენა და უმაღლესი საბჭოს წევრებს, გარკვეული გარემოებებიდან გამომდინარე, განსახილველი საკითხების რიგითობის შეცვლის  წინადადებით მიმართა. კენჭისყრის შედეგად მის ამ შეთავაზებას სხდომაზე დამსწრე 20 დეპუტატიდან 16-მა დაუჭირა მხარი.

   კანონმდებლების განცხადებების შემდეგ, დღის წესრიგის პირველი საკითხი  - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის - მეურვის კანდიდატურის საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენის შესახებ საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ წარმოადგინა. მან სხდომის მონაწილეებს ფარული კენჭისყრის პროცედურები შეახსენა, თუმცა, გარკვეული კამათი პარლამენტში აჭარის უმაღლესი საბჭოს კვოტით წარსადგენ კანდიდატთა რაოდენობის შერჩევის საკითხს მოჰყვა, რის გამოც სხდომის თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ შესვენება გამოაცხადა.

   შესვენების შემდეგ თემაზე ცხარე დებატები მცირე ხნით კვლავ გაგრძელდა და ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრებმა სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს. მათ უმრავლესობის წევრები ერთ-ერთი კანდიდატის ლობირებაში დაადანაშაულეს. ამის შემდეგ სხდომა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდა და ფარული კენჭისყრის შედეგად  მეურვეობის ერთ-ერთმა კანდიდატმა ბესიკ ლილუაშვილმა 13 ხმა დააგროვა, ორი ბიულეტენი კი გაბათილდა. ამდენად, უმაღლესი საბჭოს შესაბამისი დადგენილებით, საქართველოს პარლამენტს აჭარის უმაღლესი საბჭოს კვოტით სწორედ მისი კანდიდატურა წარედგინება კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში.

   ფარული კენჭისყრის შემდეგ სხდომაზე კვლავ  შესვენება გამოცხადდა. უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომა 16:00 საათზე განახლდება. კანონმდებლები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტს - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ მეორე მოსმენით განიხილავენ.