13 მარტი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბიუროს 13 მარტის სხდომაზე კანონმდებლებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთადერთი საკითხი განიხილეს.

სხდომის დასაწყისში საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ ბათუმში ამ დღეებში განვითარებულ მოვლენებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მომხდარი ცალსახად შეფასდა ვანდალიზმად. დავით გაბაიძემ იმედი გამოთქვა, რომ სამართალდამცავები ყველაფერს თავის ობიექტურ სახელს დაარქმევენ, ისე რომ, არავის უფლებები არ შეილახება, ამასთან, გამოიძიებენ დანაშაულებრივი ქმედებების საფუძვლებსა და დამნაშავეებს, ვისაც ხელი ურევია ქვეყნის, კანონის საწინააღმდეგო ქმედებებში, სათანადოდ დასჯიან.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ბიუროს წევრებს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ წარუდგინა. მისი განმარტებით, გენდერული თანასწორობის 8-კაციანი საბჭო ახალი მოწვევის უმაღლეს საბჭოში 9 მარტს შეიქმნა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის შესაბამისი ბრძანებით და მასში ოთხივე ფრაქცია 2-2 წევრითაა წარმოდგენილი. დავით გაბაიძის ბრძანებითვე, მას საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნინო ჩხეტია უხელმძღვანელებს.

რაც შეეხება დებულებას, მასში, ძირითადად ტექნიკური ხასიათის ცვლილებები შედის, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ პროექტი გენდერული თანასწორობის საბჭოს აპარატში მუშაობის საშუალებას საკანონმდებლო ორგანოს აპარატის იმ თანამშრომლებსაც აძლევს, რომელთაც ამ მიმართულებით საკმაოდ კარგი გამოცდილება აქვთ.

ბიუროს გადაწყვეტილებით, დადგენილების პროექტთან დაკავშირებით, საკანონმდებლო ორგანოში განხილვის პროცედურები იწყება.