14 მარტი

                                     

       აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბიუროს რიგით მეექვსე სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე უძღვებოდა, დღის წესრიგით გათვალისწინებული სამი საკითხი განიხილეს.

           აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტი - ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ , რომელიც საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ წარმოადგინა, წამყვანი კომისიის სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, ბიუროს გადაწყვეტილებით, მეორე მოსმენით უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განიხილება.

        უმაღლესი საბჭოს უახლოეს სხდომაზე ასევე   იმსჯელებენ  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის - მეურვის კანდიდატურის საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენის შესახებ საკითხზეც, რომელიც სხდომაზე საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ წარმოადგინა. მისი განცხადებით, წამყვანმა კომისიამ   განსაზღვრა სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატების ფარული კენჭისყრის ადგილი და საარჩევნო ბიულეტენის ფორმა.

      გარდა ამისა,  როგორც აღინიშნა, 15 მარტს, 15:00 საათზე, აჭარის უმაღლეს საბჭოში გაიმართება სამეურვეო საბჭოს კანდიდატებთან შეხვედრა, რომელზეც ისინი საკუთარ  კონცეფციებს წარმოადგენენ.

    ბიურომ   განსაზღვრა 16 მარტის პლენარული სხდომის დღის წესრიგის პროექტი.