02 მარტი

       

     აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე აჭარის საარქივო სამმართველოში პროფესიული დღესასწაულის აღმნიშვნელ ღონისძიებას დაესწრო.

    უწყების ხელმძღვანელმა მაკა ივანიშვილმა და დარგის სპეციალისტებმა სამმართველოს თანამშრომლებს დღესასწაული მიულოცეს და საარქივო საქმის მნიშვნელობაზე, გაწეულ საქმიანობაზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა იმ სიახლეებზეც, რომელთა დანერგვაც წლის განმავლობაშია დაგეგმილი.

      როგორც აღინიშნა, აჭარის საარქივო ფონდს არაერთი მნიშვნელოვანი მასალა შეემატა, როგორც ცნობილი მოღვაწეების პირადი ფონდებიდან, ისე უცხოეთის სახელმწიფო არქივებიდან. გარდა ამისა, გარემონტდა საცავები, გამოიცა სამეცნიერო ჟურნალის - „არხეიონის“ მორიგი ნომრები, ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია, გამოიცა კონფერენციის ამსახველი მასალების კრებული და ა.შ. ამასთან, წელს სამმართველო საარქივო მასალების ელექტრონულ მატარებლებზე გადატანა-დიგიტალიზაციას გააგრძელებს.