23 თებერვალი

     აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე ბათუმში გამართულ „დამსაქმებელთა და პარტნიორთა ფორუმი - 2018-ს“ დაესწრო.

     ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის მიერ სასტუმრო „WINDHAM BATUMI- ში“ ორგანიზებულ ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი, აჭარის მთავრობის წევრები, მსხვილი გადამზიდავი ორგანიზაციების, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს,  საზღვაო განათლების სფეროში მოქმედი სასწავლო-საწვრთნელი ცენტრების, საზღვაო ინდუსტრიაში, რეგიონის ტურიზმისა და ბიზნესის სფეროში მოღვაწე წარმატებული ორგანიზაციების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

    აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ თავის მისასალმებელ სიტყვაში მსგავსი ფორუმების მნიშვნელობაზე ისაუბრა და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდა.

    ღონისძიების ორგანიზატორთა განცხადებით, ფორუმის მიზანი კვალიფიციური, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, დასაქმების ბაზარზე ორიენტირებული, კონკურენტუნარიანი კადრების მომზადებისა და უკვე არსებული სპეციალისტების გადამზადების პროცესში დამსაქმებელთა და სოციალურ პარტნიორთა თანამშრომლობის გაღრმავებაა.

    ღონისძიების ფარგლებში ბათუმის სახელმწიფო საზღვაო  აკადემიასა და სამ დამსაქმებელ კომპანიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა.