22 თებერვალი

     აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტი - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ განიხილეს აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის 22 თებერვლის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომისიის თავმჯდომარე ვლადიმერ მგალობლიშვილი უძღვებოდა.

     პროექტი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ წარმოადგინა. მომხსენებელმა კომისიის წევრებს ინფორმაცია მიაწოდა საჯარო განხილვებსა და პროცედურების შესახებ, რომლებიც კანონის პროექტმა საბოლოო მიღებამდე უნდა გაიაროს. დავით გაბაიძის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოს ყველა დარგობრივი კომისიისა და ფრაქციის შენიშვნები, რეკომენდაციები, წინადადებები წამყვანი - საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის სხდომაზე განიხილება და წამყვანი კომისიის სხდომაზე ჩამოყალიბდება კანონის პროექტის საბოლოო რედაქცია, რომელიც უმაღლესი საბჭოს სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილება.

     კანონის პროექტის წარდგენის შემდეგ დავით გაბაიძემ უპასუხა შეკითხვებს და მოისმინა კომისიის წევრების მოსაზრებები.

     ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ასმათ დიასამიძემ დადებითად შეაფასა ავტონომიური რესპუბლიკისათვის უფლებამოსილებების გაზრდა, თუმცა, მისი აზრით, უკეთესი იქნება თუ უფრო მეტად გაიზრდება სამინისტროების უფლებამოსილებები. როგორც დავით გაბაიძემ განმარტა, ოპოზიციური ფრაქციის მიერ წერილობითი ფორმით წარმოდგენილ შენიშვნებზე მსჯელობა დაწყებულია და ღიად დარჩენილი პუნქტების განხილვა წამყვანი კომისიის სხდომაზე გაგრძელდება.

     კომისიამ კანონის პროექტი მომზადებულად მიიჩნია და მხარი დაუჭირა მის უმაღლესი საბჭოს სესიაზე პირველი მოსმენით განხილვას.