14 თებერვალი

   აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები - დავით გაბაიძე და ზურაბ პატარაძე  საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის სრულუფლებიან და საგანგებო ელჩს ფატმა ჯერენ იაზგანს შეხვდნენ.

   გაცნობითი ხასიათის შეხვედრას  თურქეთის რესპუბლიკის გენერალური კონსული ქალაქ ბათუმში მაქბულე ქოჩაკი ესწრებოდა.

   მხარეებმა ორ მეზობელ ქვეყანას შორის ურთიერთობებსა და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა თურქეთ-საქართველოს შორის კულტურულ-ჰუმანიტარულ, სავაჭრო-ეკონომიკურ და თავდაცვის სფეროებში თანამშრომლობაზე.

   ხაზგასმით ითქვა ორ ქვეყანას შორის სასაზღვრო პოლიტიკის შესახებ. აღინიშნა, რომ სარფის საბაჟოს სარეკონსტრუქციო სამუშაოებს ამ მხრივ განსაკუთრებული დატვირთვა აქვს - მისი გამტარუნარიანობის გაზრდა ძალზე მნიშვნელოვანია ორივე მხარისათვის. შეხვედრის მონაწილეები იმედოვნებენ, რომ საქართველოში 6-8 მარტს დაგეგმილი თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ვიზიტისას, საბოლოოდ დადებითად გადაწყდება ორ ქვეყანას შორის სასაზღვრო მიმოსვლის რეგულირების საკითხი.