13 თებერვალი

                            

        აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბიუროს რიგით მესამე სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე უძღვებოდა, დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილეს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტი ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ სხდომაზე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ წარმოადგინა.

  მომხსენებლის განცხადებით, აჭარის უმაღლესი საბჭოს 14 წევრის მიერ ინიცირებული კანონის პროექტის საჯარო განხილვის 12-წევრიანმა საორგანიზაციო კომისიამ კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადებში 10 საჯარო შეხვედრა ჩაატარა. რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის პარალელურად, შეხვედრები გაიმართა ადვოკატებთან, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის, პოლიტიკური პარტიების, საზოგადოების, აკადემიური წრეების, სტუდენტ-ახალგაზრდობის, ადმინისტრაციული ორგანოებისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან. გარდა ამისა, უმაღლესი საბჭოსა და საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარის ინიციატივით, დამატებით კიდევ 2 შეხვედრა გაიმართა „დემოკრატიის სკოლის“ მსმენელებისა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის.

    დავით გაბაიძემ ბიუროს წევრებს ინფორმაცია მიაწოდა გამოთქმულ წინადადებებსა და რეკომენდაციებთან დაკავშირებითაც.

      ბიუროს , კანონის პროექტის ხელახლა, ერთობლივად შემუშავების წინადადებით მიმართა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ელგუჯა ბაგრატიონმა და აღნიშნა, რომ  პროექტი მმართველი გუნდის ინტერესებზეა მორგებული.

        ოპოზიციის წარმომადგენელს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ უპასუხა. მისი განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებებზე მსჯელობა საკომისიო განხილვებისას გაგრძელდება და ყველას, მათ შორის ოპოზიციას, საკუთარი წინადადებების, რეკომენდაციების წარმოჩენისა და მათზე მსჯელობის საშუალება ექნება.

       საბოლოოდ, ბიუროს გადაწყვეტილებით, საკონსტიტუციო ცვლილებების კანონის პროექტს უმაღლესი საბჭოს დარგობრივი კომისიები 23 თებერვლამდე განიხილავენ. წამყვან - საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიას კი ვადა 27 თებერვლამდე განესაზღვრა.

       ბიურომ ასევე იმსჯელა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2018 წლის ბიუჯეტის დეტალური განწერის შესახებ. საკითხი სხდომაზე უმაღლესი საბჭოს აპარატის ლოჯისტიკისა და საფინანსო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ილია თურმანიძემ წარმოადგინა.