07 აპრილი

7 აპრილს გაიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის სხდომა, რომელსაც ამავე კომისიის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე უძღვებოდა.

დღის წესრიგით გათვალისწინებული პირველი საკითხი - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამრეწველო-სავაჭრო პალატის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, უმაღლესი საბჭოს წევრმა ნინო ჩხეტიამ წარმოადგინა. ცვლილების თანახმად, სამრეწველო-სავაჭრო პალატის ზედამხედველობას, მთავრობის ნაცვლად, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო განახორციელებს.

კომისიამ მხარი დაუჭირა კანონის პროექტის ბიუროზე გატანას.

ნინო ჩხეტიამ ასევე წარმოადგინა საკანონმდებლო პაკეტიც, რომელიც მოიცავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტს - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის პროექტს - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

საკანონმდებლო პაკეტი ბიუროს სხდომაზე განიხილება.

კომისიის წევრებმა მხარი დაუჭირეს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გია აბულაძის ინიციატივას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ 2016 წლიდან დღემდე პრივატიზებულ ობიექტებზე ინვესტორების მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ანგარიშის საკანონმდებლო ორგანოსთვის წარდგენის თაობაზე.