12 თებერვალი

                                 

     „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საჯარო განხილვის საორგანიზაციო კომისიამ  შემაჯამებელი სხდომა გამართა, რომელიც  აჭარის უმაღლესი საბჭოსა და ამავე კომისიის თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ გახსნა. მისი განცხადებით, 12-წევრიანმა კომისიამ კანონით გათვალისწინებულ ვადაში უზრუნველყო საკონსტიტუციო პროექტის საჯარო განხილვა რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში. მოსახლეობის პარალელურად, შეხვედრები გაიმართა ადვოკატებთან, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის, პოლიტიკური პარტიების, საზოგადოების, აკადემიური წრეების, სტუდენტ-ახალგაზრდობის, ადმინისტრაციული ორგანოებისა და სხვა სფეროს წარმომადგენლებთან. ამასთან, საჯარო განხილვისას გამოთქმული ყველა შენიშვნა, მოსაზრება, წინადადება აისახა შესაბამის ოქმში და მათზე მსჯელობა საკანონმდებლო ორგანოში გაგრძელდება.

       კომისიის წევრებმა შემაჯამებელ სხდომაზე გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები და პოზიციები გარკვეულ საკითხებზე და დადებითად შეაფასეს ის ფორმატი, რომელმაც საზოგადოების ფართო ფენებს საკონსტიტუციო კანონის პროექტის გაცნობის, მასზე მსჯელობის საშუალება მისცა.     

       საორგანიზაციო კომისიამ შემაჯამებელი სხდომით  ოფიციალურად დაასრულა მუშაობა. ამის შემდეგ კანონის პროექტთან დაკავშირებული  შესაბამისი პროცედურები საკანონმდებლო ორგანოში გაგრძელდება.