15 მარტი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისია ახალი საკანონმდებლო პაკეტის ინიცირებას იწყებს. ამის შესახებ აღნიშნული კომისიის 15 მარტის სხდომაზე ამავე კომისიის თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ განაცხადა. საკანონმდებლო პაკეტი მოიცავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტს - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის პროექტს - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“. როგორც სხდომაზე ითქვა, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონის პროექტის შემუშავება აუცილებლობამ განაპირობა, რომელმაც არაერთხელ იჩინა თავი და მისგან გამომდინარეა საკანონმდებლო ორგანოს რეგლამენტის ცვლილებაც.

კომისიის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი აღნიშნული პაკეტის საკანონმდებლო წესით ინიცირებას. უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განიხილება უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“, რომლის ინიციატორი უმაღლესი საბჭოს წევრი ნინო ჩხეტიაა.

კანონმდებლებმა ასევე ერთხმად დაუჭირეს მხარი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის პერსონალურ შემადგენლობაში ცვლილების შეტანის შესახებ საკითხსაც, რომელიც აღნიშნულ კომისიაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის - ლევან ვარშალომიძის ნაცვლად მისივე ადგილმონაცვლის - ასმათ დიასამიძით ჩანაცვლებას ითვალისწინებს.

დღის წესრიგის სამივე საკითხი სხდომაზე საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ წარმოადგინა.