სამუშაო შეხვედრა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით

30 იანვარი

    აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკონსტიტუციო ცვლილებების კანონის პროექტთან დაკავშირებით, სასტუმრო „ჰილტონის“ საკონფერენციო დარბაზში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

    „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საჯარო განხილვის საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, კომისიის წევრებმა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ზურაბ პატარაძესთან, მთავრობის წევრებთან, სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებთან, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარესთან სულიკო თებიძესთან და ქალაქ ბათუმის მერთან ლაშა კომახიძესთან ერთად, კანონის პროექტით გათვალისწინებულ ცვლილებები განიხილეს.

    რიგით მეათე შეხვედრაზე უმაღლესი საბჭოსა და საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ კანონის პროექტით გათვალისწინებულ ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებებზე,  კომპეტენციებზე, სახელისუფლებო ორგანოებს შორის ურთიერთობების რეგულაციებზე, ავტონომიური რესპუბლიკისთვის გარკვეული უფლებამოსილებების დელეგირებაზე და იმ სიახლეებზე ისაუბრა, რომელსაც კანონის ახალი რედაქცია გვთავაზობს.

    აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სულხან ღლონტმა ტურიზმის კუთხით შესაბამისი რეგულაციების ინიცირების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება, გამოითქვა მოსაზრებები გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობის, ქონების გამიჯვნის, განკარგვის, მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობის, საარჩევნო სისტემის და რიგ სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით.

    კანონის პროექტთან დაკავშირებით თავიანთი პოზიციები გამოხატეს საორგანიზაციო კომისიის წევრებმა -  პეტრე ზამბახიძემ (დამოუკიდებელი დეპუტატი), არჩილ ხახუტაიშვილმა (არასამთავრობო ორანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტი“), თენგიზ თევზაძემ (აკადემიური წრეები).

    -დარწმუნებული ვარ, ჩვენ მივიღებთ კონსტიტუციის სწორ მოდელს, რომელიც ორიენტირებული იქნება ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე,- აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ. მისი შეფასებით, კანონის პროექტში სწორადაა გადანაწილებული ფუნქციები სახელისუფლებო შტოებს შორის, ამასთან, მისასალმებელია მთავრობის თავმჯდომარის მიერ წელიწადში ერთხელ საკანონმდებლო ორგანოში ანგარიშის წარდგენა, ვინაიდან ეს, ავტომატურად ხალხისთვის ანგარიშის ჩაბარებას ნიშნავს. მთავრობის თავმჯდომარემ ასევე დადებით სიახლედ შეაფასა დროებითი კომისიის შემოღება, მთავრობის დამტკიცების, ფორმირების და პროექტით გათვალისწინებული რიგი სხვა საკითხები.  ზურაბ პატარაძემ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარეს დავით გაბაიძესა და კომისიის წევრებს გაწეული საკმაოდ შრომატევადი საქმიანობისთვის.

     საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, კიდევ ერთი, შემაჯამებელი განხილვის შემდეგ, აჭარის უმაღლესი საბჭოს კომისიებში ჩაეშვება განსახილველად.