28 იანვარი

     „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საჯარო განხილვის საორგანიზაციო კომისიამ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ბათუმის ფილიალში, სამართლის სფეროს წარმომადგენლებისთვის რიგით მერვე საჯარო განხილვა გამართა.

      რა ცვლილებებს გვთავაზობს კანონის პროექტი ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებების, მისი კომპეტენციების განსაზღვრის თვალსაზრისით, რა რეგულაციები მოქმედებს დღეს და იმოქმედებს ახალი კანონის მიღების შემდგომ სახელისუფლებო ორგანოებს შორის, - ამ და კანონის პროექტით გათვალისწინებულ სხვა ცვლილებებზე დეტალურად ისაუბრა აჭარის უმაღლესი საბჭოსა და საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ.

     კანონის პროექტთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიცია გამოხატა საორგანიზაციო კომისიის წევრმა - პეტრე ზამბახიძემ.

     საორგანიზაციო კომისიის წევრებმა უპასუხეს შეკითხვებს, რომლებიც ძირითადად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსს, მის კომპეტენციებს და რიგი უფლებამოსილებების დელეგირებას შეეხებოდა. ადვოკატთა ერთმა ნაწილმა ყურადღება გაამახვილა აჭარაში სააპელაციო სასამართლოს აღდგენაზე, უმაღლესი საარჩევნო კომისიის, პატიმართა შეწყალების კომისიის მუშაობაში რეგიონის წარმომადგენლების ჩართულობის და რიგ სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.

     საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მომდევნო, რიგით მეცხრე საჯარო განხილვა ხვალ, 29 იანვარს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში, 15 საათზე გაიმართება სტუდენტ-ახალგაზრდობისა და სამეცნიერო-აკადემიური წრეების წარმომადგენლებისთვის.