26 იანვარი

     მაღალმთიანეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის შემდეგ აჭარის საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვა ქობულეთის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში გაიმართა. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საჯარო განხილვის საორგანიზაციო კომისიისწევრების გამოსვლამდე დარბაზში შეკრებილ მოსახლეობას, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიისა და სფეროს წარმომადგენლებს ქობულეთის  მუნიციპალიტეტის მერი მირიან ქათამაძე მიესალმა და შეკრებილებს საჯარო განხილვაში აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდა.

     აჭარის უმაღლესი საბჭოსა და საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ,  საორგანიზაციო კომისიის წევრების წარდგენის შემდეგ, საქართველოს კონსტიტუციასა და შესაბამის კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებებსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკონსტიტუციო ცვლილებების კანონის პროექტზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, საკონსტიტუციო ცვლილებებით კონკრეტდება ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებები და იზრდება მისი კომპეტენციები. დავით გაბაიძემ პარალელები გაავლო მოქმედი კონსტიტუციით განსაზღვრულ და ახალი კანონის პროექტით გათვალისწინებულ რეგულაციებს  შორის, ისაუბრა ავტონომიური რესპუბლიკის სახელისუფლებო ორგანოებთან დაკავშირებულ რეგულაციებსა და პროექტით გათვალისწინებულ სხვა მნიშვნელოვან სიახლეებზე.

    კანონის პროექტზე თავიანთი პოზიციები და მოსაზრებები წარმოადგინეს საორგანიზაციო კომისიის წევრებმა - ვლადიმერ მგალობლიშვილმა, უმაღლესი საბჭოსა და საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ მერაბ კარანაძემ, პეტრე ზამბახიძემ (დამოუკიდებელი დეპუტატი).

     შეხვედრის დასასრულს, უმაღლესი საბჭოსა და საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ და კომისიის წევრებმა უპასუხეს მოქალაქეებისა და დარბაზში მყოფი სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლების  შეკითხვებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსთან, მის კომპეტენციებთან, რეგიონულ მმართველობას დაქვემდებარებული ქონების განკარგვასთან, შერეული საარჩევნო სისტემის შენარჩუნებასთან, აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლის ბერკეტებთან, საკანონმდებლო ორგანოს წევრთა ასაკობრივ ზღვართან და რიგი უფლებამოსილებების დელეგირებასთან დაკავშირებით.

    საჯარო განხილვას არც ამჯერად დასწრებია ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კვოტით საორგანიზაციო კომისიაში წარდგენილი გია აბულაძე.

    საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვა 27 იანვრიდან ბათუმში დაიწყება.