25 იანვარი

  

      ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტების შემდეგ საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვა ხელვაჩაურის კულტურის ცენტრში გაიმართა.  „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საჯარო განხილვის საორგანიზაციო კომისიის წარდგენამდე დარბაზში შეკრებილ მოსახლეობას, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიისა და სფეროს წარმომადგენლებს მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე მიესალმა, რომელმაც საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვაში მოსახლეობის ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

     შეხვედრის მონაწილეებს მიესალმა აჭარის უმაღლესი საბჭოსა და საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე, რომელმაც კომისიის წევრთა წარდგენის შემდეგ მოსახლეობას  საკონსტიტუციო ცვლილებების კანონის პროექტი გააცნო.

     მერაბ კარანაძის განმარტებით, საკონსტიტუციო ცვლილებებით კონკრეტდება ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებები და იზრდება მისი კომპეტენციები, რაც დემოკრატიული მმართველობის ხარისხს აუმჯობესებს.

    -მზად ვართ თქვენთან ერთად ვიმსჯელოთ, ვიკამათოთ, განვიხილოთ და გავაანალიზოთ ყველაზე მწვავე საკითხები, რათა საბოლოოდ, მივიღოთ კანონი, რომელიც ხალხის ინტერესების გამომხატველი იქნება, - აღნიშნა მერაბ კარანაძემ.

     კანონის პროექტის ცალკეულ თავებზე, მოქმედი კონსტიტუციითა და ახალი კანონის პროექტით გათვალისწინებულ რეგულაციებზე დეტალურად ისაუბრეს საორგანიზაციო კომისიის წევრებმა - ნინო ჩხეტიამ, ვლადიმერ მგალობლიშვილმა, ილია ვერძაძემ, პეტრე ზამბახიძემ.

      კომისიის წევრებმა აქვე აღნიშნეს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების კანონის პროექტი გამოქვეყნდა „საკანონმდებლო მაცნესა“და გაზეთ „აჭარაში“, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ოფიციალურ ვებ-გვერდსა (WWW.SCA.GE) და ფეისბუქ გვერდზე.

      საორგანიზაციო კომისიის წევრებმა უპასუხეს მოსახლეობის შეკითხვებს, რომლებიც ძირითადად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსს, მის ადმინისტრაციულ ცენტრთან დაკავშირებულ ჩანაწერსა და კომპეტენციებს, რეგიონულ მმართველობას დაქვემდებარებული ქონების განკარგვას, მიწათსარგებლობის, ტყითსარგებლობის საკითხებს, შერეული საარჩევნო სისტემის შენარჩუნებასა და რიგი უფლებამოსილებების დელეგირებას შეეხებოდა. ითქვა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით სატელევიზიო დებატების გამართვის აუცილებლობაზეც, რაზეც კანონმდებლებმა განმარტეს, რომ ეს თავად მედიასაშუალებების კომპეტენციაა.

     საკონსტიტუციო ცვლილებების კანონის პროექტის მორიგი განხილვა 26 იანვარს, 13 საათზე, ქობულეთის მუნიციპალიტეტშია დაგეგმილი.