25 იანვარი

                          

      აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, საკანონმდებლო ორგანოს წევრები-მერაბ კარანაძე, ნინო ჩხეტია, ილია ვერძაძე, დავით ბაციკაძე, ვლადიმერ მგალობლიშვილი და გიორგი ცინცქილაძე საპარლამენტო მდივანს ანა ნაცვლიშვილს შეხვდნენ.

       გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, უპირველეს ყოვლისა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკონსტიტუციო ცვლილებების კანონის პროექტთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებსა და თავად კანონის პროექტის მნიშვნელობაზე გამახვილდა ყურადღება. აღინიშნა, რომ საჯარო განხილვები საზოგადოების მოსაზრებების გათვალისწინების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.

      საპარლამენტო მდივანმა   „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის ცვლილებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არ უნდა დაუპირისპირდეს მედიამრავალფეროვნებას. ანა ნაცვლიშვილმა კანონშემოქმედებით პროცესში საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს წარმომადგენლების ჩართულობის აუცილებლობაზეც ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო პაკეტზე მსჯელობა კვლავაც გაგრძელდება.

           სტუმარმა მოისმინა უმაღლესი საბჭოს წევრების მოსაზრებები როგორც „მაუწყებლობის შესახებ“  საკანონმდებლო ცვლილებებზე, ისე აჭარის საკონსტიტუციო ცვლილებების კანონის პროექტზე. საპარლამენტო მდივანმა უმაღლეს საბჭოსთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.