24 იანვარი

                       

    აჭარის საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვა ამჯერად ქედის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში შედგა. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საჯარო განხილვის საორგანიზაციო კომისიამ  საჯარო განხილვა ამ დღეებში ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში გამართა.

    დარბაზში შეკრებილ მოსახლეობას, მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს ქედის  მუნიციპალიტეტის მერი ლევან გორგილაძე მიესალმა.

     აჭარის უმაღლესი საბჭოსა და საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ საჯარო განხილვის მონაწილეებს საორგანიზაციო კომისიის წევრები წარუდგინა და თანმიმდევრულად ისაუბრა „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ ახალ კონსტიტუციურ კანონსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკონსტიტუციო ცვლილებების კანონის პროექტზე, იმ წინაპირობებსა და მიზეზებზე, რომლებიც აღნიშნულ ცვლილებებს წინ უძღოდა.

     დავით გაბაიძის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებებით კონკრეტდება ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებები და მას ემატება კომპეტენციები, რომლებიც ქვეყნისა და რეგიონის რეალობიდან გამომდინარეობს. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ  ისაუბრა იმ ძირითად ასპექტებზე, რომლებიც კანონის პროექტითაა გათვალისწინებული და რომლებიც დემოკრატიული მმართველობის ხარისხს აუმჯობესებს.

    -თანამდებობის პირები შეიცვლებიან, მაგრამ კონსტიტუციამ უნდა გაუძლოს დროს, ემსახუროს ხალხს, - აღნიშნა დავით გაბაიძემ თავის გამოსვლაში. მან პარალელები გაავლო მოქმედი კონსტიტუციით განსაზღვრულ და ახალი კანონის პროექტით გათვალისწინებულ რეგულაციებს  შორის, დეტალურად ისაუბრა ავტონომიური რესპუბლიკის სახელისუფლებო ორგანოებთან დაკავშირებულ რეგულაციებსა და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებზე, რასაც საკონსტიტუციო ცვლილებების კანონის პროექტი გვთავაზობს.

     დავით გაბაიძის შემდეგ, დარბაზში შეკრებილებს კანონის პროექტზე თავიანთი მოსაზრებები გააცნეს საორგანიზაციო კომისიის წევრებმა - პეტრე ზამბახიძემ (დამოუკიდებელი დეპუტატი), საორგანიზაციო კომისიაში არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელმა არჩილ ხახუტაიშვილმა („დემოკრატიის ინსტიტუტი“).

     ძირითადი გამომსვლელების შემდეგ, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ უპასუხა მოქალაქეებისა და დარბაზში მყოფი სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელთა შეკითხვებს, რომლებიც ძირითადად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსს, მის კომპეტენციებს, რეგიონულ მმართველობას დაქვემდებარებული ქონების განკარგვას, შერეული საარჩევნო სისტემის შენარჩუნების და რიგი უფლებამოსილებების დელეგირების საკითხებს შეეხებოდა. დავით გაბაიძის განცხადებით, ყველა მნიშვნელოვანი წინადადება და საინტერესო შენიშვნა, სათანადო მსჯელობის შედეგად, აისახება კანონის პროექტში.

     საკონსტიტუციო ცვლილებების კანონის პროექტის მორიგი განხილვა 25 იანვარს, 13 საათზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში გაიმართება.

     ცნობისათვის: საკონსტიტუციო ცვლილებების კანონის პროექტის გაცნობა დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ „საკანონმდებლო მაცნესა“და გაზეთ „აჭარაში“. გარდა ამისა, პროექტის ნახვა შესაძლებელია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ოფიციალურ ვებ-გვერდსა (WWW.SCA.GE) და ფეისბუქ გვერდზე.