23 იანვარი

        საორგანიზაციო კომისიის წარდგენის შემდეგ, დავით გაბაიძემ თანმიმდევრულად ისაუბრა „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ ახალ კონსტიტუციურ კანონსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკონსტიტუციო ცვლილებების კანონის პროექტზე. მისი განმარტებით, საკონსტიტუციო ცვლილებებით კონკრეტდება ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებები და მას ემატება კომპეტენციები, რომლებიც ქვეყნისა და რეგიონის რეალობიდან გამომდინარეობს. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ  ისაუბრა იმ ძირითად ასპექტებზე, რომლებიც კანონის პროექტითაა გათვალისწინებული და რომლებიც დემოკრატიული მმართველობის ხარისხს აუმჯობესებს.

       დავით გაბაიძის შემდეგ, დარბაზში შეკრებილებს კანონის პროექტზე თავიანთი მოსაზრებები გააცნეს საორგანიზაციო კომისიის წევრებმა - ილია ვერძაძემ, პეტრე ზამბახიძემ და თენგიზ თევზაძემ.

      კომისიის წევრებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების კანონის პროექტი გამოქვეყნდა „საკანონმდებლო მაცნესა“და გაზეთ „აჭარაში“. გარდა ამისა, პროექტის ნახვა დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ოფიციალურ ვებ-გვერდსა (WWW.SCA.GE) და ფეისბუქ გვერდზე. 

     ძირითადი გამომსვლელების შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მოსახლეობის შეკითხვები ძირითადად, აჭარის სტატუსს, მის კომპეტენციებს, რეგიონულ მმართველობას დაქვემდებარებული ქონების განკარგვას, შერეული საარჩევნო სისტემის შენარჩუნება-გაუქმების, უმაღლეს საბჭოს წევრთა რაოდენობის გაზრდისა და რიგი უფლებამოსილებების დელეგირების საკითხებს შეეხებოდა. დასმულ შეკითხვებსა და შენიშვნებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ უპასუხა. მისი განცხადებით, ყველა მნიშვნელოვანი წინადადება და რეკომენდაცია აისახება კანონის პროექტში.

     საკონსტიტუციო ცვლილებების კანონის პროექტის მორიგი განხილვა 24 იანვარს, 13 საათზე, ქედის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში გაიმართება.