22 იანვარი

   დავით გაბაიძის შემდეგ, შეკრებილებს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, თავიანთი მოსაზრებები გააცნეს საორგანიზაციო კომისიის წევრებმა. ვლადიმერ მგალობლიშვილის განცხადებით, ცვლილებები ძლიერი ავტონომიისკენ გადადგმული ნაბიჯია. მან თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა იმ უფლებამოსილებებზე, რომლებიც აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაზე აღნიშნული ცვლილებებით დელეგირდება, ასევე ისაუბრა უმაღლესი საბჭოს არჩევნების საკითხებზე.

   უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი დეპუტატის პეტრე ზამბახიძის შეფასებით, კანონის პროექტში იცვლება როგორც იურიდიული, ისე ტექნიკური საკითხები. მან აქცენტი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ფორმირებაზე გააკეთა და გარკვეულ საკითხებზე გამოთქვა შენიშვნები.

     საჯარო განხილვის მონაწილეებს თავისი მოსაზრებები გააცნო კომისიის კიდევ ერთმა წევრმა თენგიზ თევზაძემ. ის კომისიაში აკადემიურ წრეებს წარმოადგენს. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ ახალი კონსტიტუციური კანონი, ქვეყნის ტერიტორიული მოწყობა, დეცენტრალიზაცია და ავტონომიურობის საკითხები, გახლდათ ის ასპექტები, რომლებზეც მომხსენებელმა ისაუბრა. საჯარო განხილვას, გარკვეული მოსაზრებებით, არ დაესწრო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კვოტით კომისიის წევრად წარდგენილი გია აბულაძე.

    კომისიის წევრებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს საარჩევნო სისტემის არჩევანზე და აღნიშნეს, რომ  ის მორგებული უნდა იყოს ქვეყნის პოლიტიკურ რეალობაზე. როგორც დავით გაბაიძემ აღნიშნა, შეხვედრაზე  გამოთქმული ყველა ჯანსაღი მოსაზრება და წინადადება აისახება საკონსტიტუციო ცვლილებებში, რომლის განხილვაც თებერვლის დასაწყისიდან იგეგმება აჭარის უმაღლეს საბჭოში.

    ამის შემდეგ საჯარო განხილვა კითხვა- პასუხის რეჟიმში წარიმართა. მოსახლეობის შეკითხვები და წინადადებები ძირითადად, ავტონომიის განსაკუთრებულ გამგებლობას დაქვემდებარებულ საკითხებს, შერეულ საარჩევნო სისტემას და მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების სპეციფიკიდან გამომდინარე რიგ საკითხებს შეეხებოდა.

    ხვალ, 23 იანვარს, 13 საათზე, საჯარო განხილვა შუახევის მუნიციპალიტეტში გაიმართება.