20 იანვარი

   „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საჯარო განხილვის საორგანიზაციო კომისია 22 იანვრიდან საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვას ხულოს მუნიციპალიტეტიდან იწყებს. შესაბამისი გადაწყვეტილება კომისიამ 20 იანვრის პირველ სხდომაზე მიიღო, რომელსაც უმაღლესი საბჭოსა და ამავე კომისიის თავმჯდომარე დავით გაბაიძე უძღვებოდა. 12-წევრიანი საორგანიზაციო კომისიის შემადგენლობაში კვოტები უმაღლეს საბჭოში შემავალი პოლიტიკური ძალების მიერ მოპოვებული მანდატების რაოდენობის შესაბამისად განისაზღვრა. გარდა ამისა, კომისიაში ჩართულები არიან არასამთავრობო და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.

   დავით გაბაიძის განცხადებით, უმაღლესი საბჭოს 14 წევრის ხელმოწერით ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვები მაღალმთიანი მუნიციპალიტეტებიდან დაიწყება. მოსახლეობის პარალელურად, შეხვედრები გაიმართება ადვოკატებთან, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის, პოლიტიკური პარტიების, საზოგადოების, აკადემიური წრეების, სტუდენტ-ახალგაზრდობის, ადმინისტრაციული ორგანოებისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან.

  კომისიის პირველ სხდომაზე დამტკიცებული გრაფიკის თანახმად, საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვა 22 იანვარს ხულოს მუნიციპალიტეტში გაიმართება, 23 იანვარს  - შუახევში, 24 იანვარს - ქედაში, 25 იანვარს - ხელვაჩაურში, 26 იანვარს - ქობულეთში. ყველა აღნიშნული შეხვედრა 13 საათზე დაიწყება.

  რაც შეეხება ბათუმს, კომისიის გადაწყვეტილებით, კანონის პროექტის საჯარო განხილვა 27-28-29-30 იანვარს დაიგეგმა. 31 იანვარს კი, შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართება.

  საორგანიზაციო კომისიის წევრებმა სხდომაზე თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს, როგორც გრაფიკთან დაკავშირებით, ისე საორგანიზაციო საკითხებზე.