03 იანვარი

      აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები - დავით გაბაიძე და ზურაბ პატარაძე, უმაღლესი საბჭოს წევრები - ვლადიმერ მგალობლიშვილი, ილია ვერძაძე, საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერთან დიმიტრი ქუმსიშვილთან და მთავრობის წევრებთან ერთად, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიისათვის სასწავლო-საწვრთნელი გემის გადაცემის ღონისძიებას დაესწრნენ.

     სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საბუნკერე გემი „კადეტი“, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის ინიციატივით, ამიერიდან საზღვაო აკადემიის საკუთრება იქნება. საზღვაო ხომალდზე, რომლის ღირებულება 1 772 000 ლარია, აკადემიის კურსანტები საზღვაო პრაქტიკას გაივლიან.    

     საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა შეკრებილებს, პირველ რიგში, საზღვაო აკადემიის კურსანტებს ახალი წელი და გემის გადაცემა მიულოცა. მისი განცხადებით, ამიერიდან წარსულს ჩაბარდა საზღვაო-საწვრთნელი გემის უქონლობით გამოწვეული პრობლემა, რომლის მიზეზითაც ბათუმის საზღვაო  აკადემიის სტუდენტები მოკლებულნი იყვნენ საზღვაო პრაქტიკას.

    -გემი მზად იყო გასაყიდად და ამით სახელმწიფო დამატებით შემოსავალს მიიღებდა, თუმცა, ჩვენ სხვა გზა ავირჩიეთ და გადავწყვიტეთ, ის ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიისათვის გადაგვეცა, რათა სტუდენტებს საზღვაო პრაქტიკის გავლის შესაძლებლობა ჰქონოდათ. მჯერა, 2018 წელი უკეთესი იქნება თითოეული თქვენგანისა და ჩვენი ქვეყნისათვის. დარწმუნებული ვარ, მომავალი ქართველი მეზღვაურები შეძლებენ ადეკვატურად უპასუხონ ახალ გამოწვევებს, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

     მცურავი საშუალება აღჭურვილია ყველა საჭირო სისტემითა და ტექნიკური საშუალებებით. გემი 1977 წელსაა აშენებული და ნავთობის გადამზიდ საზღვაო-სატრანსპორტო საშუალებას წარმოადგენს. სემესტრის განმავლობაში „კადეტზე“ პრაქტიკას 30-40 სტუდენტი გაივლის, რაც საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) მიერ დადგენილი სტანდარტის მიხედვით, საზღვაო საგანმანათლებლო პროგრამის შემადგენელი ნაწილია.

    სასწავლო-საწვრთნელი გემი მომავალი ზღვაოსნების პროფესიონალიზმს, მათ ავტორიტეტს კიდევ უფრო აამაღლებს საერთაშორისო საზღვაო კომპანიების წინაშე, რაც მეტი დასაქმებისა და შესაბამისად, ეკონომიურად ძლიერი ოჯახების გარანტია.